ნიუ – იორკში ქართულ-ამერიკულ ისტორიულ პროექტს საფუძველი ჩაეყარა (ფოტო)

ნიუ – იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ისტორიულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველების კვალის მოძიებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დაიწყო იმ ოთხი წარმატებული ქართველის ისტორიით, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფუძნდნენ და დიდი აღიარება და წარმატება მოიპოვეს.
ერთ-ერთი პირველი, არის გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რომელიც 1909 წლის 1 აგვისტოს ჩავიდა ნიუ-იორკში. თავდაპირველად მან „ჯენერალ ელექტრიქსში“ დაიწყო მუშაობა, სადაც საწერი კალმები გააუმჯობესა, მათზე პატენტიც აიღო და საკანცელარიო მაღაზია გახსნა. მოგვიანებით მასაჩუსეტსის შტატში დააარსა კომპანია „კობი გლეს პროდაქტსი“ და გახსნა მინის საწარმო ქარხანა. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კობახიძის კომპანია იყო პირველი, რომელმაც ამერიკაში დაიწყო ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება. 20-იანი წლების დასაწყისში კობიმ წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი შექმნა, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს გამოგონებად ითვლება. მინა-ბლოკმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და 30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა. ქიმიკოსი ამ გამოგონებების წყალობით მულტიმილიონერი გახდა და მას ამერიკის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ოთხჯერ მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კობი ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს. კომპანია „კობი გლეს პროდაქტსი“ კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას და დღეს ის ძირითადად ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს.
1922 წელს აშშ-ში კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით ცნობილი, როგორც სუნამოების პრინცი, გიორგი მაჩაბელი. 1926 წელს მან კომპანია “Prince Matchabelli” დააარსა. მალევე ნიუ-იორკის ბაზარზე ზედიზედ გაჩნდა გიორგი მაჩაბლის პარფიუმერიული სერია: „პრინცესა ნორინა“, „Duches of Yorks”, „ოქროს შემოდგომა“, “Wind Song”, სააბაზანო ზეთი „აბანო“, დაპრესილი პუდრი, პომადა და სხვა. გიორგი მაჩაბელს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა სუნამომ „საქართველოს დედოფალი“. წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო იმალებოდა ჭურჭელში, რომლისთვისაც გიორგი მაჩაბელმა საგვარეულო გვირგვინი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მისი სუნამოებისთვის ჭურჭელს ჯორჯ კობის ფირმა „კობი გლეს პროდაქტსი“ ამზადებდა.
ლეგენდარული ქართველი ფალავანის, კოლია ქვარიანის, წარმატებული სპორტული კარიერა ქ. ნიუ -ორკში 1929 წელს დაიწყო, როდესაც ის პირველად ეწვია ამერიკის შეერთებულ სტატებს. კოლია ქვარიანმა დაამარცხა ამერიკელი კერპი – ჯოზეფ ტოტსმონდი, ძლიერი ფალავანი ბეროკი, მსოფლიოში ცნობილი „მახრჩობელა ედი ლუისი“, ამერიკელი ჯონ კლუკსტორნი. ქვარიანმა მოგვიანებით ნიუ-იორკში 42-ე ქუჩაზე საჭიდაო დარბაზი და საჭადრაკო კლუბი დააარსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ კოლია ქვარიანმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში ჭიდაობას, როგორც სპორტის სახეობას.
მსოფლიოში ცნობილმა მაესტრომ ჯორჯ ბალანჩინმა, იმავე გიორგი ბალანჩივაძემ საერთაშორისო აღიარება აშშ-ში ჩასვლის შემდგომ მოიპოვა. ამერიკელმა მეგობრებმა, ლინკოლნ კერსტაინმა და ედვარდ ვორბურგმა ბალანჩინი ამერიკაში ბალეტის სკოლის გასახსნელად მიიწვიეს. 1934 წელს, ქ. ნიუ იორკში დაარსებულ „ამერიკული ბალეტის სკოლაში“ ბალანჩინმა სტუდენტების მონაწილეობით ჩაიკოვსკის „სერენადაზე“ სიმებიანი ინსტრუმენტებისთვის აბსტრაქტული ბალეტი დადგა. ჯორჯ ბალანჩინს ოთხასზე მეტი ბალეტი აქვს დადგმული, რომელთაგან ბევრი შედევრადაა აღიარებული. იგი ასევე ქორეოგრაფიულ ნომრებს დგამდა ბროდვეის მუზიკლებში, წარმოდგენებში, ჰოლივუდის ფილმებში, საოპერო სპექტაკლებში. აღსანიშნავია, რომ ბროდვეიდან ლინკოლნ-ცენტრამდე მიმავალ პატარა ქუჩას, სადაც “ნიუ-იორკ სითი ბალეტი“ მდებარეობს ბალანჩინის გზა (Balanchine way) ჰქვია.
13479765_1305750426121596_723736648_n
13473920_1305750399454932_1163947081_n
13487664_1305750356121603_175703384_n
13474279_1305750282788277_1177340307_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები