უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის მშენებლობა 2 წელში დასრულდება

 

თბილისში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხოკრიშვილის თქმით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუშინ დაასრულა მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია „ევროსტუდიოსთან“ აწარმოებდა. მეტროსადგურის მშენებლობის პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, სახელმწიფოს თანადაფინანსება – 15%-ს შეადგენს. პროექტი ორშაბათს მერიას გადაეგზავნება.
“მოლაპარაკების დასრულებისა და პროექტის ირგვლივ მიღწეული შეთანხმების დასადასტურებლად, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ჩამოვიდა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აძლევს შესაძლებლობას, მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადოს. ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება”, – განაცხადა ხოკრიშვილმა.
ხოკრიშვილის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება კონფიდენციალურია, თუმცა ღირებულება, სავარაუდოდ, 35-42 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. პროექტი 2 წელში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, ხოკრიშვილის თქმით, ის გადაეცემა მერიის სატრანსპორტო სამსახურს და მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სახელს დაარქმევენ ახალ სადგურს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები