თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე დახმარებას რეჯებ ტაიპ ერდოღანს სთხოვს

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას თურქეთის ხელისუფლებასთანაც უქმნის. როგორც გაირკვა, მას თურქი ბიზნესმენი ომერ სარი უჩივის, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიებში _ “პრომეტკო ჯორჯიასა” და “ჯეესკოში”, 5%-5%-იანი წილის მფლობელია. იგი 2008-2009 წლებში ამ კომპანიებიდან ჩხარტიშვილის მიერ გატანილი 3 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვს. 2013 წელს მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და მთავარ პროკურატურას სარჩელებით მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, დასახმარებლად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიმართოს, რათა ამ უკანასკნელმა ოფიციალურ შეხვედრებსა და ვიზიტებზე საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიების დაჩქარება მოითხოვოს.
ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთი “ვერსია” ავრცელებს, რომელიც დეტალების გასარკვევად თურქი ბიზნესმენის ადვოკატს მამუკა კაკუშაძეს დაუკავშირდა.
მისი ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 2013 წელს გაიმართა.
“ამის შემდეგ, ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პრობლემა მოლაპარაკებით, სასამართლოს გარეშე მოგვარებულიყო. რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დავალიანება აღიარეს და გადმოგვცეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ომერ სარის მიმართ დავალიანება აქვთ. თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ლონდონში, ივანე ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის სასამართლო პროცესი დასრულდა, რომელიც ჩხარტიშვილმა წააგო და, სავარაუდოდ, ბატონმა ვანომ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, ჩვენთვის 1 ლარი მაინც დაებრუნებინა”, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, საუბარი იყო 3 მილიონი აშშ დოლარის დავალიანებაზე, რომელიც დღეს 5 მილიონ ლარამდეა ასული. ეს არის არა უშუალოდ ომერ სარის თანხა, რომელსაც “პრომეტკოსა” და “ჯესკოში”, 5%-5%-იან წილებს ფლობდა, არამედ ამ კომპანიების.
მამუკა კაკუშაძის განცხადებით, ისინი ითხოვენ, `რომ ეს დავალიანება დააბრუნონ კომპანიებში, ან ჩვენი კუთვნილი თანხა მოგვცენ. ჩვენ საკუთარი თანხის დასაბრუნებლად ვიბრძვით, თუ ჩხარტიშვილს კომპანიების დავალიანების დაბრუნება არ სურს, ჩვენი კუთვნილი თანხა მაინც გადაგვიხადოს. ამ შემთხვევაში, პირადი ინტერესი გვამოძრავებს.
რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს ეს სარჩელი, სავარაუდოდ, პროკურატურის რომელიმე თაროზეა შემოდებული და რეაგირება არ აქვს: `მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და ამ საქმით თურქეთის რესპუბლიკის ელჩიც დაინტერესდა, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართვაც კი გაუგზავნა, იქიდან მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო _ მიმდინარეობს გამოძიება. იმის გამო, რომ პროკურატურაში ძიების პროცესი ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, თურქეთის პრეზიდენტს მიმართოს, რათა რომელიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მის ქართველ კოლეგებს გამოძიების დაჩქარება მოსთხოვოს.
წყარო: “პირველი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები