„ჩვენი ერის წარმატება სამი ძირითად პრინციპზე დგას – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია“

ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი დაიწყო, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო.
საუბრის დასაწყისში პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ რეიტინგებზე და განაცხადა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს- თავისუფალ და ღია ეკონომიკას.
“ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას. ჩვენი ერის წარმატება სამი ძირითად პრინციპზე დგას – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.
რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის მთავარი თემებია: საქართველოს მიმზიდველი, სტაბილური ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები