ეკა ბესელია: ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, თითქოს და, ის საკნიდან გაიყვანეს, დამატებით გამოძიება არის ჩასატარებელი

სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებაში ტრაგიკულს ვერაფრს ვხედავ, მიმაჩნია, რომ ეს მითითება შესასრულებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ სპეკულაცია, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრას ნიშნავს, უნდა დასრულდეს.
“რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მისთვის საკმარისი არ იყო მასალები, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, თითქოს და, მისი საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩატარება და შედეგების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდება უნდა დავავალოთ. შეიძლება მოხდეს ყველა მოწმის დაკითხვა და ინფორმაციის გადამოწმება. სპეკულაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრას ნიშნავს, უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ეკა ბესელია.
პარლამენტარის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება და ამ პატიმრობის ვადის გაგრძელება კანონიერი იყო.
“სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონოდ დააკავეს ან ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ,რომ 14 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ზარალისა და ხარჯების ანაზღაურების მიზნით 55 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლომ საბოლოოდ სახელმწიფოს 8 და 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო კომპენსაციის შესახებ სხვა სარჩელები არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები