არასამთავრობო ორგანიზაციები წიკლაურზე თავდასხმის სწრაფად გამოძიებას ითხოვენ
ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” და “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა. მათი განცხადებით, მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით.
“არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ამ შემთხვევის გამო და დაუშვებლად მივიჩნევთ ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ. აქვე განვმარტავთ, რომ პარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და საკვანძო როლს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით. ცხადია, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ ფუნქციას პარლამენტი ეფექტიანად ვერ შეასრულებს, თუ მისი წევრები არ იქნებიან დაცული ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი გააჩნდეს”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.