რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 40 პროცენტითაც რომ დაბრუნდეს, უკვე საფრთხეა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ პროგნოზებს აკეთებს. როგორც რამაზ საყვარელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები თავისი სიმძიმით 2012 წლის არჩევნებს გაუტოლდება.
ამასთანავე, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე პროვოკაციები მოაწყოს და წესების გარეშე იმოქმედოს.
„არსებობს იმის წინაპირობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერად წარმოდგეს მომავალ პარლამენტში, ვიდრე ახლა არის. ოქტომბრის არჩევნები თავისი სიმძიმით 2012 წლის არჩევნებს გაუტოლდება! „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 40 პროცენტითაც რომ დაბრუნდეს, უკვე საფრთხეა! ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში მათ საქართველოს მთელი დასავლეთი გადაჰკიდეს, თუ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შერჩებათ, კიდევ უფრო მეტი სიმწვავით გააგრძელებენ ლაპარაკს პოლიტიკურ დევნაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ის პარტიაა, რომელმაც პოლიტიკური ბრძოლა იცის და ყველაზე მობილიზებულია. პოლიტიკას უყვარს ბრძოლა წესების გარეშე. თუ ფაქიზად მოექცევი მოწინააღმდეგეს, რომელიც წესების გარეშე გვებრძვის, შეიძლება წააგო. „ნაციონალების“ პიარს ხელისუფლებამ, წესით ენერგიული ჭკვიანური სვლები უნდა დაუპირისპიროს, რაც ჯერჯერობით არ ჩანს“, – აცხადებს პოლიტოლოგი გამოცემასთან.
მისივე თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღოს. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ სწორედ ამომრჩეველთა პროტესტის გამო, შესაძლებელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისარგებლოს და სათავისოდ გამოიყენოს.
„შესაძლებელია მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ან ხმების უმრავლესობა იმ პარტიებში გადანაწილდეს, რომლებიც, მადლობა ღმერთს, გამოჩნდნენ, ასე რომ, საკმარისია, მოსახლეობის ნახევარმა არჩევნებზე პასიურობა გამოიჩინოს, „ნაციონალებს“ 40 პროცენტი ხელში უკავიათ. თუ მთელი თავიანთი შესაძლებლობა გამოიყენეს, შესაძლოა, მეტიც აიღონ. დღეს „ნაციონალების“ მთავარი ამოცანაა – მოიპოვონ ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის სტატუსი, რომ ციხისგან გადაირჩინონ თავი. ისინი არ მოერიდებიან პროვოკაციებს, მაქსიმალურად აამუშავებენ გაყალბების მექანიზმებს და გამოიყენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც სტრუქტურებში აგრძელებენ მუშაობას და რომლებიც თითის აქნევას ელოდებიან სიტუაციის ასარევად“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები