საქართველოს დელეგაცია სოხუმში ჩასვლას გეგმავს

მალე საქართველოს ოფიციალური დელეგაცია შესაძლოა სოხუმში ჩავიდეს. ამის შესახებ ცნობილი გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ გახდა. გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი ევროსაბჭოს ეგიდით იგეგმება და ამ ფორმატში აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან ნეიტრალურ ტერიტორიაზე რამდნიმე შეხვედრა უკვე შედგა.
სტატიის თანახმად, ევროსაბჭოს ეგიდით და ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამტომეულის გამოცემაზე, რომელიც აფხაზეთში საბჭოთა რეპრესიებსა და მსხვერპლთა ისტორიებს ასახავს. შესაბამისი დოკუმენტური მასალა საქართველოს შსს-ს არქივშია დაცული.
ოფიციალური თბილისის თანხმობით, საარქივო მასალები აფხაზი ისტორიკოსებისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი არ გამორიცხავს სოხუმში ჩასვლასაც. პარარლელურად იგეგმება თბილისში აფხაზი ისტორიკოსების ჩამოსვლაც.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფორმაციას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილიც ადასტურებს, რომელიც პირადად არის ჩართული მოლაპარაკებებში. მისი თქმით, გარდა მონოგრაფიის შექმნისა, ეს ნდობის აღდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტია.
„ვთანამშრომლობთ დე ფაქტო აფხაზეთის ისტორიულ წრეებთან. გვინდა, რომ გამოვცეთ სამტომეული. ეს ხდება ევროსაბჭოს ეგიდით და, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოს გვექნება სრულყოფილი ნაშრომი. საპილოტე ვერსია კი უკვე მზად გვაქვს. საუბარია 1937-38 წლების მოვლენებზე, რომელიც აფხაზეთში ხდებოდა. ჩვენს არქივში ამის ამსახველი ბევრი და საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია დაცული. უკვე გქვონდა სამი შეხვედრა, ეს შეხვედრები შედგა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.ვფიქრობ, მოგვიწევს სოხუმში ჩასვლაც, ასევე, როგორც ისინი ჩამოვლენ თბილისში. ეს არის ერთ-ერთი საშუალება ნდობის აღდგენის მიმართულებით“,- განაცხადა თუშურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები