ალასანია შიხიაშვილის ფარული მოლაპარაკებები – ძალიან დიდხანს ვდუმდი და დროა უკვე, საზოგადოებამ ეს გაიგოს

გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან გადადგომას მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უკავშირებს. ინტერვიუში შიხიაშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსვლის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს ამ საკითხზე ფარულ მოლაპარაკებებს ირაკლი ალასანიასთან აწარმოებდა.
„ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანიით ცდილობდნენ არა მხოლოდ ჩემი პერსონის, არამედ მთლიანად მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო ის სახადი, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყანას არ მოშორდებოდა.
ძალიან დიდხანს ვდუმდი და დროა უკვე, საზოგადოებამ ეს გაიგოს: ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა 2011 წლის 11 ნოემბრიდან. მე 2012 წლის 27 სექტემბერს ამის დეკლარირება გავაკეთე საზოგადოების დასანახად, თორემ გუნდს მე დავუპირისპირდი ერთი წლით ადრე.
მე არც პორტირებულის და არც ყვარყვარე თუთაბერის სახელს არ მივიღებ. ერთი კაცი ვერ მეტყვის, რომ ჩემი ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილება მივიღე ოდესმე. 4 დღით ადრეც საჯარო განცხადება ძალიან სერიოზული რისკი იყო. მაშინაც არავინ იცოდა, რა შედეგით დასრულდებოდა არჩევნები და ცხადია, დასასჯელთა შორის, პირველი მე ვიქნებოდი, თუ ისევ „ნაციონალები“ გაიმარჯვებდნენ.
2011 წლის 11 ნოემბერს ამერიკიდან ჩამოვიდა ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი და მითხრა, – ვიწყებთ ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგო. ვიკითხე, ვისი სახელით მესაუბრებოდა და მან მითხრა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. მისი ინიციატივითვე მე შევხვდი მაშინდელი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ალასანიას.
ამის შემდეგ პერმანენტულად გვქონდა კომუნიკაცია და ჩემი მეგობრები თანდათან შედიოდნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“.
2012 წლის 21 სექტემბერს უნდა გამეკეთებინა საჯარო განცხადება, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმ დღეს ბატონ ბიძინასთან შეხვედრა ვერ შედგა, ეს მოხდა მხოლოდ 27 სექტემბერს, რის შემდეგაც მე გავაკეთე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვების შესახებ. ამრიგად, სიმართლე არის ის, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუპირისპირდი 2011 წლის ნოემბერში, თუმცა ამაზე იცოდა ვიწრო წრემ.
მე ირაკლი ალასანიას არ ვეთანხმები, როდესაც ის ტოლობის ნიშანს სვამს სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, თუმცა ყველას აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოხატოს“,- აცხადებს შიხიაშვილი.
მისივე მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ძალიან კარგად იმუშავეს, ალასანიას და ღარიბაშვილს შორის განხეთქილება რომ ჩამოეგდოთ.
„მათი სულიერი და პოლიტიკური გემოვნება იმდენად ახლოს არის, რომ ეს თანამშრომლობა არც არასდროს შეწყვეტილა. ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სწორედ „რესპუბლიკელების“ ძალისხმევით, თუნდაც ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია, რომლის კატეგორიული წინააღმდეგნი ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. ჩვენ შევძელით და თბილისში ერთი კაცის მმართველობა დავასრულეთ.
გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ირაკლი შიხიაშვილი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს “რესპუბლიკური პარტიის” კლუბის წევრი გახდა. შიხიაშვილი ექსპრემიერ ღარიბაშვილს საკუთარ მეგობრად მოიხსნიებს.
მისივე თქმით, იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მირებას აპირებს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისთვის ემზადება.
„ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად ჩემი მეგობარია, ხშირად ვხვდები ხოლმე. ჩვენ ვართ თანამოაზრეები. ჩემთვის საამაყოა, რომ ამ ადამიანთან ერთად მომიწია მუშაობა. ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს ირაკლი მომავალში, მაგრამ აქვე ვაცხადებ, რომ ყოველთვის ვიქნები მისი მხარდამჭერი.
მე დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს ამერიკის „რესპუბლიკურ პარტიასთან“. ქართველი „რესპუპლიკელებისგან“ განსხვავებით, ეს არის ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული პარტია. ბოლო ვიზიტის დროს გავხდი „რესპუბლიკური პარტიის“ კლუბის წევრი, რომელიც 1875 წელს დაფუძნდა.
ისინი სექტემბერში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ. რაც შეეხება პარტიის შექმნას, ამაზე საუბარი გადაჭარბებულია, მაგრამ ექსკლუზიურად გეტყვით, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონკრეტულად რომელ ოლქში, ამას მოგვიანებით შეიტყობთ“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები