დავით უსუფაშვილი: ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული – ანუ დატვირთული, საქმიანი, კონკრეტული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, გერმანიაში ვიზიტი დატვირთული, საქმიანი და დროული იყო.
„ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული – ანუ დატვირთული, საქმიანი, კონკრეტული და ეს ასე რომ იქნებოდა, თავიდანვე მაფრთხილებდა ჩემი კოლეგა, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე. მან თავად იზრუნა, რომ ეს ყოფილიყო დატვირთული პროგრამა“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა, სადაც აღნიშნა, რომ ჰქონდა საჯარო გამოსვლებიც, ასევე შეხვედრები ყველა პოლიტიკურ წრესთან და ამასობაში, ეს ჩამოსვლა იყო დროული.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარსა და მათ პირისპირ შეხვედრას შორის ჩვენი აქ ყოფნა იყო უკიდურესად სასარგებლო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 15-მდე შეხვედრა გამართა.