დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა ხელოვნურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზიტის ბოლო დღეს საქსონია-ანჰალტის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქართველი კრიმინალების თემასაც შეეხო.
პარლამენტის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ კრიმინალური თემა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხელოვნურად იქნა წამოწეული, რადგან ძალიან მაღალი პოლიტიკური ლიდერებისგან იყო მკაფიო პასუხი, რომ ეს არ და ვერ იქნება ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორი.
„ვკითხე, სმენიათ თუ არა ქართველ კრიმინალებზე. ხალხი გადაირია, ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ გაზეთებიდან გუშინ და გუშინწინო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თავისთავად, ეს თემა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხელოვნურად იქნა წამოწეული. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ეს არ და ვერ იქნება ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. თავისთავად, პრობლემა თუ არის, მას უნდა მივხედოთ ყველამ ერთად, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი თემა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ურთიერთობებს, მათ შორის, ვიზის საკითხში. რაც შეეხება სხვა თემებს, ნელ-ნელა გამოჩნდება, მაგალითად, გერმანიის პოზიცია ვარშავის სამიტზე და სხვა საკითხებზეც. მგონი, წინ წავწიეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ძალიან კონკრეტული შედეგებიც გვაქვს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე გერმანული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა ხელოვნურია. საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 15-მდე შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები