კახა კალაძე: პრევენციული ღონისძიებები გვექნება გასატარებელი, რათა კორცხელის მსგავსი ინციდენტები არ მოხდეს
ჩვენ გვექნება პრევენციული ღონისძიებები გასატარებელი, რათა არ მოხდეს კორცხელის მსგავსი ინციდენტები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა “პოლიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ მხარდამჭერებს მიმართა, არ წამოეგონ პროვოკაციებს. „არჩევნები არა მხოლოდ კორცხელში, არამედ 9 ოლქში გაიმართა და ყველგან დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ყველგან იყო მობილიზებული „ქართული ოცნების” და ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. ასევე იყვნენ იმ პარტიების მხარდამჭერები, რომელთა კანდიდატებიც იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა არსად ინციდენტი არ მომხდარა. ერთადერთი ინციდენტი, სადაც მოხდა და რომლის პროვოკაციაც წამოიწყო ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ეს იყო კორცხელი. მიმდინარე პროცესებზე მთავრობაა პასუხისმგებელი და პრევენციული ღონისძიებები გვექნება გასატარებელი, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეეს. ეს ”ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხელს. მივმართავ მხარდამჭერებს, ასეთ პროვოცირებებს არ წამოვეგოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.