“პრეზიდენტი მზად არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგინოს”
პრეზიდენტი მზად არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგინოს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს სამივე კანდიდატს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა პრეზიდენტის ნდობა.
მიშველაძის ინფორმაციით, საკანონდებლო ორგანოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა სასამრთლო სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში. „დღეს კიდევ ერთხელ, პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე სისტემის გაძლიერებისთვის. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ მოსამართლეების მხარდაჭერით, უზენაესი სასამრთლო კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანა მიიღებდა უფრო სამართლიან სასამრთლო სისტემას, რაც უმნიშვნელოვანესია, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს ამ სისტემის მიმართ. მინდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტი ესაუბრა სამივე კანდიდატს და აღნიშნა, რომ ამ პროცესის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდა მათ მიმართ პრეზიდენტის ნდობა. გიორგი მარგველაშვილი მზად არის, შემდგომი ნაბიჯები დაგეგმოს მოსამართლეობის კანდიდატებთან კოორდინაციის შედეგად, მათ შორის მათი სურვილის შემთხვევაში, ამ კანდიდატების ხელმეორედ წარდგენის ფორმით”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს: ანა დოლიძეს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.