ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

„თქვენი თანაგუნდელებისთვის ჩაგეტარებინათ ასეთი ახსნა-განმარტება და გესწავლებინათ ჭკუა, როდესაც მეცნიერებათა აკადემიას ანგრევდით“, – ასე მიმართა „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებების ავტორმა ივანე კიღურაძემ პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ვაშაძის შენიშვნებს.
პარლამენტში „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხარს უჭერენ. თუმცა, ხმაური გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტი აგრძელებს იმ პარადიგმას, რომელიც ყოველთვის იყო – დაპირისპირება პოლიტიკოსებსა და სამეცნიერო წრეებს შორის. „კანონპროექტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერევით სამეცნიერო აკადემიის მართვის პროცესში.“
დეპუტატის თქმით, აუცილებელია აკადემიას მიეცეს მართვაში სრული დამოუკიდებლობა.
„მეცნიერება, რომელიც არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, მთავრობის კონტროლის ქვეშ, ის პროდუქტიული ვერასოდეს იქნება. თქვენი თანაგუნდელებისთვის ჩაგეტარებინათ ასეთი ახსნა-განმარტება და გესწავლებინათ ჭკუა, როდესაც მეცნიერებათა აკადემიას ანგრევდით“, – განაცხადა კიღურაძემ ვაშაძის განცხადების შემდეგ.
სხდომაზე სიტყვიერ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელიც გამოეხმაურა, რომელმაც დეპუტატს წინა ხელისუფლებიდან დარბაზში შემორჩენილი „უკანასკნელი მოჰიკანი“ უწოდა.
„თქვენგან ნებისმიერი შენიშვნა მიუღებელია, თქვენ ყველა მეცნიერი ჩარეცხეთ“, – განაცხადა ხაბარელმა.
ამ განცხადების შემდეგ, გიორგი ვაშაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა. საკითხთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში კანონპროექტის მხარდასაჭერად სიტყვა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ითხოვა.
„ზოგიერთი მეცნიერისგან უტაქტო განცხადებები ისმის, მათ შორის შედარებები დღევანდელ პარლამენტსა და “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ პარლამენტს შორის. ჯობია, შეიკავნონ თავი. რამ გააგიჟა, მეცნიერების სიყვარული რატომ გაეფურჩქნა პარლამენტის მუშაობის დასრულების დროს. რატომ დავარდა ქადაგად”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილების მიხედვით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები სტიპენდიანტებმა უნდა ჩაანაცვლონ, აკადემიის პრეზიდენტის ასაკი კი არ უნდა აღემატებოდეს 70 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები