მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში 8 ივნისს აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში შეხვედრები გამართა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან (რესპუბლიკელი-ოჰაიო).
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის აქტივობის მნიშვნელობა. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენ ტერნერს მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს რედაქციის გათვალისწინებისათვის და საბოლოო დოკუმენტში აღნიშნული მხარდაჭერის შენარჩუნების იმედი გამოთქვა. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა ისაუბრეს ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისადმი არსებულ მოლოდინებზე, მზადების პროცესსა და ამ მხრივ კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე; აგრეთვე, განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის მზადების პროცესს. გამოიხატა მადლიერება აშშ-ისადმი და ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისა და გაღრმავების მნიშვნელობაზე.
სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მოკავშირეობას, საქართველოსადმი აშშ-ს დიდ მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობას, ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და კონტრიბუციაზე, რომელსაც აშშ დიდად აფასებს.
ამერიკულმა მხარემ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, ასევე, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.