გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ ღირსეულად შეასრულა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ეკუთვნის საბჭოს მყისიერი გადაწყვეტილება, რომელიც თანხვედრაში მოვა მოქალაქეების ლეგიტიმურ მოლოდინებთან.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტში განხილვისას, საქართველო ელის მის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესაბამის მიდგომას. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შედეგად ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა, გუშინ სოფელ ავლევის მიმდინარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით. საქარათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები