დავით უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე – საქართველოს მხრიდან არანაირი მოუგვარებელი პრობლემა არ არის

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, საქართველოს მხრიდან არანაირი მოუგვარებელი პრობლემა არ არის დარჩენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხის შეფასებისას განუცხადა.
მისივე მტკიცებით, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. მან ასევე განმარტა, რომ კრიმინალთან დაკავშირებით, საქართველოსთვის წინაპირობები არ წაუყენებიათ.
”საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. ამასთანავე, ევროკავშირი რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში იხილავს მსგავს საკითხებს – ერთი, და მეორე – ევროპელი ხალხი ზოგადად არის უკიდურესად შეშფოთებული მიგრაციული პროცესებით. ასეთ ვითარებაში ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწიათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ უკეთ აუხსნან საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყნებს, თუ რა ხდება, რატომ არის საქართველოსთვის უსაფრთხო ვიზის საკითხებში იმ რეჟიმის დაწესება, რაზეც ვსაუბრობთ და ასე შემდეგ.
რაც შეეხება კრიმინალს – კრიმინალი და საქართველოდან ევროპაში ჩამოსული ზოგიერთი ადამიანი, სამწუხაროდ, ასეთ ქმედებას ჩადიოდა ორი წლის წინაც, ორი თვის წინაც და არც იმისგან ვართ დაზღვეულნი, რომ ორი თვის შემდეგ ვინმე რამეს არ ჩაიდენს. ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში არ არის რაიმე წინაპირობა ვინმეს მხრიდან. მე მქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები გერმანიაში, იმ ქვეყანაში, სადაც ეს თემა ყველაზე მეტად დაისვა. არავინ ამბობს იმას, რომ რაღაც 0,5% დაწიეთ 0,2%-მდე და შემდეგ ვისაუბროთ ვიზაზეო. ეს ასე არ არის. ამ საკითხზე პარალელურ რეჟიმში გვმართებს მუშაობა. ეს არის ჩვენი პრესტიჟის საქმე, ჩვენი ღირსების საქმე, რომ ქართველებმა გვასახელონ უცხოეთში და არ შეგვარცხვინონ, მაგრამ ეს არის ცალკე თემა“, – აცხადებს უსუფაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს, იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდეს. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კრიმინალი ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემაფერხებელი მიზეზი არ არის.
”ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციის საკითხი იყოს დასრულებული. კიდევ ვიმეორებ, მეც ბევრი ვისაუბრე, სხვებიც ბევრს საუბრობენ და ხალხი დაიბნა ალბათ – კრიმინალის თემა არსებობს, მაგრამ არა ამ ნაწილში. ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სხვა არალეგალური სტატუსით მყოფი მიგრანტების თემა და ეს თემა ცალკე უნდა მოგვარდეს. ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკავშირდება მხოლოდ ევროპარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მარტო საქართველოზე კი არ არის, არამედ ყველა ქვეყანაზე, ვისაც ასეთი რეჟიმი აქვს, რომ თუ იმ ქვეყნებმა რამე დააშავეს, მაშინ ვიზის საკითხი გადაიხედოს.
ვიზის საკითხი არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ გერმანელ კოლეგებთან. აქ არის საკითხების ფართო წრე – ეკონომიკური თანამშრომლობა, ნატოს მომავალი სამიტი, გერმანიის პოზიცია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში იხილება და ყველაზე მთავარი – ორმხრივი ურთიერთობები.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანია გერმანიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. კიდევ ვიმეორებ, პრემიერი როდესაც ჩამობრძანდება, ის უფრო დეტალურად ისაუბრებს, ვინაიდან ეს უფრო სამთავრობო თემებია. პროექტები გაღრმავდება, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებით, თავდაცვის მიმართულებით. იცით, რომ ეს ახალი მოვლენაა, როდესაც გერმანიას უწევს მეტი როლის შესრულება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ გაზარდონ როგორც ბიუჯეტი, ისე რიცხოვნობა არმიის და ამავე კონტექსტში განიხილება ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპები და ეს საქართველოსაც შეეხება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები