დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამ პროცესში გერმანიის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარეს, ფოლკერ პერთესს და გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
გერმანელი ექსპერტები დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითაც. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, რომ სასარგებლო პარტნიორი იყოს გერმანიისთვის და ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესი რაც შეიძლება აქტიურ რეჟიმში წარიმართოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესში გერმანიის როლზეც.
„ჩვენ გერმანიაში ვიმყოფებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანია არის წამყვანი მოთამაშე საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩვენ ვართ ახალგაზრდა, თანამედროვე დემოკრატია და ამ პროცესში გერმანიის დახმარება და გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, სადაც მათ ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ნორბერტ ლამერტი და ბუნდესტაგის წევრები მიესალმნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები