გიორგი კვირიკაშვილი: ვერ ვხედავ ვერანაირ მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც შეაფერხებს დასავლეთისკენ სვლას

ვერ ვხედავ ვერანაირ მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც შეაფერხებს დასავლეთისკენ სვლას და გადაგვახვევინებს ამ სტრატეგიული გზიდან, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა საგარეო საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დგას საქართველო, არის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები.
„საქართველოს ორი ისტორიული ნაწილი არის ოკუპირებული–სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. არსებობს საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები, ხდება სამხედრო მოძრაობები ორივე ტერიტორიაზე, არსებობს მძიმე დარღვევები ძირითადად ადამიანის უფლებების კუთხით. ამ საოკუპაციო ზონების მიღმა არის პრობლემები ეთნიკურ ქართულ მოსახლეობასთან დაკავშირებით. მათ ართმევენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, ართმევენ და უზღუდავენ ქონებრივ უფლებებს. გუშინ ადგილი ჰქონდა ახალი ნიშნების დამონტაჟებას, მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი, გვყავს ეთნიკური ქართველები, რომლებსაც პერიოდულად ატყვევებენ საოკუპაციო ძალები. ეს ადამიანები ხვდებიან ციხეებში და ხშირად მათგან ითხოვენ გამოსასყიდს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერი შეცვლის საქართველოს ბედს, რომელსაც თავად ქართველი ხალხი განსაზღვრავს. არასოდეს იყო საქართველოს სუვერენული განწყობა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს და მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, ჩვენი კონსოლიდაციის და გაერთიანების სურვილი და განწყობა ამ სტრატეგიული მიზნების გარშემო არის ძალიან ძლიერი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც შეაფერხებს დასავლეთისკენ სვლას და გადაგვახვევინებს ამ სტრატეგიული გზიდან,”–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები