გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანამიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით

ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანამიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა და გარკვეული სენსიტიური ასპექტებისა, ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე, ეს პროცესი დასრულდება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და დაასრულა მუშაობა ყველა ტექნიკურ ასპექტებზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნა, რაც ევროკომისიას გააჩნდა, ამიტომაც ჩვენი ძალისხმევა შეფასდა პოზიტიურად გასული წლის დეკემბერში. ამჟამად ვართ მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას.
რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დისკუსიები, გვაქვს საუბრები ევროპელ ლიდერებთან, მაგრამ იმავდროულად გვესმის რა გამოწვევები გააჩნია ევროპას – ეს არის მიგრანტების კრიზისი, ეს 
არის რეფერენდუმები… ჩვენ საკუთარ თავს მოვიაზრებთ როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, რადგან ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ნაწილი ევროპული კულტურისა. მიგვაჩნია, რომ ევროპა არის ჩვენთვის საბოლოო დანიშნულების ადგილი. ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალების მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ იქნება პროცესი დასრულდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღები გადაწყვეტილება”, –აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს, ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები