ვახტანგ ძაბირაძე – თუ აფხაზებისთვის საქართველო მომხიბვლელი იქნება, კედელიც რომ აშენდეს, გადმოლახავენ, გვირაბებსაც გათხრიან და ისე ჩამოვლენ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ, წინასაარჩევნო პერიოდთან ერთად, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ გარკვეული სტრატეგია უნდა შეიმუშავოს და გონივრულად მიუდგეს ამ საკითხს, რადგანაც ძალისმიერი მეთოდებით ის ვერაფერს გახდება.
„ძალისმიერი მეთოდებით ამ პრობლემას ვერ გადავჭრით. სანამ არსებობს რუსული ფაქტორი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ის, რომ ხელისუფლება არ ახდენს ამის დემონსტრირებას საერთაშორისო ასპარეზზე, არაა სწორი. არაა საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული იმისათვის, რომ გამუდმებით მავთულხლართებზე იფიქროს. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან, სხვა ნაბიჯები ვერ გადაიდგმება. ტერიტორიებს და ხალხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიბრუნებთ, თუ იქ მცხოვრებთათვის მიმზიდველები ვიზნებით. დამისახელეთ ერთი არგუმენტი მაინც, თუ რატომ უნდა უნდოდეს აფხაზეთში ან სამაჩაბლოში მცხოვრებ ადამიანს საქართველოში ცხოვრება, იმის ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სხვაგან გარბიან. რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანები, პირიქით, ჩვენთან იქნებიან? 30 წელია სპეკულაცია მიდის ამ თემის გარშემო და ვერაფრით ჩამოვყალიბდით. კი, „არაღიარების პოლიტიკა” უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ მეტის გაკეთება არ შეგვიძლია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განვავითაროთ ქვეყანა ისე, რომ მათთვის მიმზიდველები გავხდეთ და ასეთ შემთხვევაში ეს უკვე რეალური იქნება. სხვაობა ისეთი უნდა იყოს, როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის, აი ასეთი ცხოვრების დონეს რომ მივაღწევთ ჩვენსა და აფხაზეთს, ან კიდევ, ჩვენსა და სამაჩაბლოს შორის, მაშინ კედელიც რომ აშენდეს, იმ კედელსაც გადალახავენ, გვირაბებს გათხრიან და ისე ჩამოვლენ აქ “,-განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები