ვის რა შანსი აქვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში – ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს

კონსტიტუციონალისტი ვატანგ ძაბირაძე იმ პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს, რომლებსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეალური შანსები აქვთ. მისივე განცხადებით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის პრობლემები არ შეექმნებათ. რაც შეეხებათ „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და სხვებს, ის მიიჩნევს, შანსები მათ ნამდვილად აქვთ, თუმცა გარანტიები – არა.
„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ბარიერის პრობლემა არ ექნება არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ორი მოთამაშე დაწინაურებულია. შემდეგ მოდის გარკვეულ პარტიათა ჯგუფი, რომლებსაც, ჩემი აზრით, აქვთ გარკვეული შანსები იმისა, რომ დაძლიონ საარჩევნო ბარიერი. ესენი არიან: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, პატრიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და ბურჭულაძე.
ესენი არიან სუბიექტები, რომლებსაც შანსი ნამდვილად აქვთ, თუმცა გარანტიები – არა. ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებენ ისინი და რას შესთავაზებენ ამომრჩეველს. პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა, კერძოდ კი ის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ გამოაცხადა, რომ კოალიციას და საარჩევნო ბლოკს ქმნის, ვთვლი, რომ სწორი იყო. ერთი, რომ ეს მათ ხმებს შემატებს, რადგან როდესაც ზღვარზე დგახარ, მაშინ ყველა ხმას ოქროს ფასი აქვს. მეორე კი, მოხდა იმ ტიპის პარტიების გარკვეული დაჯგუფება, რაც, ჩემი აზრით, სწორია და წინ გადადგმული ნაბიჯია“,-განაცხადა ძაბირაძემ.
შეკითხვაზე, ექნება თუ არა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი თამაზ მეჭიაურის ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიას, მან განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, მას არანაირი შანსი არ გააჩნია, ისევე როგორც „გირჩს“.
„გირჩი“ ფრთხილია, ამიტომაც შესაძლოა, რაიმე მოულოდნელობას ჰქონდეს ადგილი. მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ, რომ სტრუქტურები აეწყოთ. რაც შეეხება ვაშაძისა და მეჭიაურის პარტიას, ისინი სტრუქტურების აწყობასაც ვერ მოახერხებენ, რადგანაც ხმა რომ მიიღო, ის უნდა დაიცვა კიდეც. საქართველოში 3500 უბანია და სადაც არ ეყოლებათ წარმომადგენელი ან მეთვალყურე, ჩათვალეთ, რომ ეს უბანი წაგებულია. ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სწორედ ასეთი პრაქტიკა იყო საარჩევნო გარემოში“,-განაცხადა ძაბირაძემ.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტის განცხადებით, დღეს საარჩევნო გარემო იმაზე გაცილებით უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. მისივე განცხადებით, დღეს მედიაც უფრო თავისუფალია, ოპოზიციურ პარტიებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე წარადგინონ მათი საარჩევნო კამპანია და კანდიდატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები