მიხეილ ჯანელიძემ ტედ პო, ბრიუს ენდრიუსი და ენტონი ფაუჩი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარე კონგრესმენი ტედ პო (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი (Anthony Fauci) ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საგარეო უწყების ცნობით, დაჯილდოების ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.
როგორც მიღებაზე აღინიშნა, კონგრესმენ ტედ პოს ღირსების ორდენი საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის გადაეცა; ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში განსაკუთრებით აღინიშნა ასევე კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ბრიუს ენდრიუს როლი, რომელმაც განსაკუთრებულად შეუწყო ხელი საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოჯისტიკური ჰაბის კონცეფციის განვითარებას.
ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორს ენტონი ფაუჩს კი ღირსების ორდენი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დამკვიდრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიღებისას განაცხადა, საქართველო, მართლაც, უნიკალური ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შეძლო C ჰეპატიტის სახით დაემარცხებინა კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება ვაშინგტონში 2016 წლის 8 ივნისს გაიმართა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები