თინა ხიდაშელი: რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება, საკითხი, რომელზეც დღეს ევროპაში ასე აქტიურად საუბრობენ

„ნატოს გაფართოების მომავალი და ახალი საზღვრები ევროპის უსაფრთხოებაში” – ამ სახელწოდების სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში (ACUS) საჯარო მოხსენებით წარდგა.
კვლევით ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციას აშშ-ის აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა სურს რუსეთს და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი გაღიზიანების, რაც ჩვენი ფუნდამენტური შეცდომა მგონია“, – ამ სიტყვებით დაიწყო ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, არსებული გარემოება ქვეყანას აიძულებს, იცხოვროს სამყაროში, სადაც დომინანტი კვლავ რუსეთის ინტერესები და სურვილები რჩება, სწორედ, ამ ფაქტის გამო აქვს პრობლემები ცივილურ სამყაროს.
“საქმე არ ეხება ნატოს გაფართოებას, რაც ჩვენ რუსეთის გაღიზიანების მთავარი მიზეზი გვგონია, არც ის არის განმსაზღვრელი, რას აპირებს ნატო საქართველოსა და უკრაინაში… მიზეზები უფრო შორს და სხვაგან უნდა ვეძებოთ. რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება, საკითხი, რომელზეც დღეს ევროპაში ასე აქტიურად საუბრობენ და რომელიც ენერგომატარებლების დივერსიფიკაციას ეხება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა. საქმე, სწორედ, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაშია, რომელიც ევროპას ალტერნატიული ენერგორესურსებით მომარაგებას ჰპირდება, რუსეთს კი საერთო ენერგომომარაგების სურათს მიღმა ტოვებს… ფუნდამენტური და ფილოსოფიური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც უცხოელ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს საშუალება მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის შეკითხვები საქართველო-ნატოს ურთიერთობის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პირადად დაესვათ. თინათინ ხიდაშელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხვალ ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის(ACT) სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ დენის მერსიერთან შეხვედრით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები