ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
პარლამენტის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.
„8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია და ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც განმარტავენ საარჩევნო კამპანიის წარმოების წესებს და რეგულაციებს.
დღეიდან პარტიას, რომელსაც პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 12 აგვისტოსი. ხოლო, პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც მიემართათ ცესკოს თავმჯდომარისთვის. მათთვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა 1 აგვისტოა. ასევე, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილოების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მოცემული დროისთვის, ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის მიზნით უკვე მიმართა 28-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან 5-მა კი უკვე გაიარა რეგისტრაცია.
1 მაისის მდგომარეობით ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი.
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას ამ ეტაპზე შექმნილ 3 634 საარჩევნო უბანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები