„8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“

8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნატოს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია.
„ნატოს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ალიანსის მისიებში მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ ნატოს მოკავშირეებთან ერთად ერთობლივი წვრთნები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავზე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იდგნენ ქართველი ჯარისკაცების გვერდით ისევე, როგოც ჩვენი სამხედროები დგანან მათ გვერდით ბრძოლის ველზე და შეაქვთ წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ მოახლოებული ვარშავის სამიტი და თანამშრომლობის ფორმატები, რომელსაც წინ წავწევთ ვარშავის სამიტზე.
განვიხილეთ უელსის სამიტის დასკვნა, არსებითი პაკეტის განხორციელების თაობაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მივიჩნევთ, რომ ეს პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს.
მე მივაწოდე ინფორმაცია გენერალურ მდივანს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. ვაცნობე მკვლელობის ფაქტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა საოკუპაციო ხაზთან, ასევე ახლახანს განვითარებული მოვლენები, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო ბანერების აღმართვის ფაქტის შესახებ.
გვჯერა, რომ საქართველოს ვალდებულება ევროალტანტიკური ინტეგრაციის მიმართ გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გზით და 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები