მინდია ჯანელიძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვის დირექტორატის ხელმძღვანელს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის ხელმძღვანელს, გაბორ იკლოდს უმასპინძლა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში კრიზისების მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მომავალ თანამშრომლობაზე და ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვქონდა ერთსაათიანი შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში, სადაც გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მექანიზმებზე, ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქვეყანა არსებულ საფრთხებზე და გამოწვევებზე რეაგირებისთვის იყენებს.
ვთვლი, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფერო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობებისა და პროგრესის საშუალებას იძლევა. მე ძალიან ვაფასებ მინდია ჯანელიძესთან გამართული საუბრის მნიშვნელობას. ჩვენს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა გაბორ იკლოდიმ.
მინდია ჯანელიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიზისების მართვის სფეროში საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები უაღრესად დადებითად შეფასდა.
„საუბარი შეეხო ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობას. ეს საკითხი ძალზედ აქტუალურია და მნიშვნელოვანია ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა საბჭოს მდივანმა.
შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები