თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი – „ჩვენი ამოცანა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიტმასნილი პოლიტიკური ძალების მხილებაა“
„თამაზ მეჭიაური – „ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წევრი, დავით ფაცაცია მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მიზანმიმართულად „გაკეთილშობილდნენ“ იმისთვის, რომ კვლავ ჩაერთონ პოლიტიკური სპექტრის საქმიანობაში. ფაცაციას განცხადებით, მისი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიტმასნილი პოლიტიკური სუბიექტების გამოაშკარავებაა.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არჩევნებია პარტიების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩემი გუნდის ამოცანაა, რომ, ერთი მხრივ, ვამხილოთ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, ასე ვთქვათ, მიტმასნილია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ქმნის იმ ეფექტს, რომ თითქოს გარემო გაკეთილშობილდა და ეს ადამიანებიც გაპატიოსნდნენ.
ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა, რომელთან ერთადაც გაწევრიანდნენ ე.წ. შუაშისტები, რომლებიც შუა პარტიებს წარმოადგენენ. ესენი არიან ქრისტიან – დემოკრატები, „გირჩი“ და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ადამიანების დარბევებსა და დაშანტაჟებებში მონაწილეობდნენ და დღესაც ახალი ინერციით პოლიტიკურ ჩართულობას აგრძელებენ. არ ვარ მომხრე, რომ ეს ადამიანები სასტიკად დაისაჯონ, თუმცა ერთხელ და სამუდამომდ უნდა მოხდეს ამ გარემოს გაკეთილშობილება. სხვაგვარად, მუდმივად ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეში, მათ შორის შევარდნაძის პერიოდის და ზვიადის პერიოდის ადამინებთან. ეს პროცესი 25 წელია გრძლდება“,- განაცხადა ფაცაციამ.