თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი – „ზაქარეიშვილის უწყებაში რიგითი გარღვევაც კი არ მომხდარა“
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წევრი, დავით ფაცაცია მიიჩნევს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ბოლო წლების მანძილზე არამცთუ მნიშვნელოვანი, არამედ მცირე გარღვევაც კი არ მომხდარა. მისი განცხადებით, აფხაზურ მხარესთან ურთიერთობა დღესაც იგივე პრობლემების წინაშე დგას, როგორც მანამდე.
„პაატა ზაქარეიშვილის უწყებაში არამცთუ მნიშვნელოვანი, არამედ რიგითი ტიპის გარღვევაც კი არ მომხდარა. ელემენტარულად, ეს არის ურთიერთობა აფხაზებთან, თუნდაც, შეხვედრების, დახმარების დონეზე, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, ამ უწყებამ არაერთგზის განაცხადა, რომ ეს გარღვევა სააკაშვილის წასვლის შემდეგ მოხდებოდა, შემდეგ ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობაა განსახორციელებელი“, – განაცხადა ფაცაციამ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკმაყოფილოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას საქმიანობითაც.
მისივე განცხადებით, სისტემის საქმიანობა არაფრით განსხვავდება წინა წლების საქმიანობისგან.
„იგივე პრინიციპით მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ადრე, თუნდაც ბარამიას დროს, ეს არის გვირგვინის მიტანა სამძიმარზე, შეხვედრები, გლოვის ცერემონიალები და ა.შ. ჩემთვის ეს მტკივნეულია, რადგან ამ სამი წლის მანძილზე, ელემენტარულად, უნდა მომხდარიყო დევნილებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ჩართულობის გაზრდა, აფხაზეთის სტრუქტურები ხომ ჩვენი აფხაზეთელობის და დევნილობის სიმბოლოა.
ნადარეიშვილის დროს, ეს სისტემა ძლიერი იყო, დევნილები მაშინ თვლიდნენ, რომ მეტ-ნაკლებად დაცულები იყვნენ. ხაზს ვუსვამ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩემი ამოსავალი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება იყო, დღეს კი ჩემი მეორე ოცნება ქვეყნის გაერთიანებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა ჯერ ძლიერები უნდა ვიყოთ შიგნით და შემდეგ გარეთ, უნდა მოვახერხოთ ორივეს გაკეთება და თუ შიგნით გვაქვს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რა თქმა უნდა, საუბარი გარე ფაქტორებზე მნიშვნელოვნად სუსტი იქნება“,- განაცხადა ფაცაციამ.