აშშ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს
აშშ საქართველოსთან სამხედრო სწავლებების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს, თუმცა ქვეყანაში ჯარების განთავსებას არ აპირებს, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენების დროს განაცხადა.
“ჩვენ არ გვაქვს გეგმები, განვათავსოთ იქ ჯარი მუდმივად, თუმცა ვაპირებთ, რომ ჩვენი სწავლების ინტენსივობა გავზარდოთ”, – განაცხადა კარპენტერმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ გაიხსენა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელშიც ათასზე მეტი ჯარისკაცი და ამერიკული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა.
კარპენტერმა მაისში ჩატარებულ სამხედრო წვრთნას წარმატებული უწოდა. მანვე სენატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ უკვე რვა წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში ეხმარება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა რუსეთის მიერ საზღვრების, შეთანხმბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა.