პეტრე მამრაძე „ნაციონალებს“ აკაკი ბობოხიძის ცემის ფაქტს ახსენებს
პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს გმობს. როგორც „კვირას“ მამრაძემ განუცხადა, ის, როგორც მოქალაქე, წიკლაურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
„ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. ვგმობ ყველანაირ ძალადობას. როდესაც თავს ესხმიან პარლამენტის წევრს, ამას სხვა დატვირთვა აქვს. ჩნდება გარკვეული ეჭვები. როგორც გავიგე, ეს ფაქტი მის ბიზნესსაქმიანობას და მისი ცხოვრების წესს უკავშირდება. როგორც ზოგიერთები ვარაუდობენ, ნუგზარ წიკლაურს რაღაც ბიზნესები აქვს, ეს კი დეპუტატს კანონით ეკრძალება. შესაძლებელია თავდასხმა ბიზნესის გამო მოხდა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
ამასთანავე, ყოფილი დეპუტატი პარლამენტში სამი წლის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს. მაშინ პეტრე მამრაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
„ეს იყო 2011 წელს, 27 სექტენბერს – აკაკი ბობოხიძე თავს დამესხა. უკნიდან თავში ჩამატყა. მე არაფერი მიპასუხია, თავიც კი არ მივატრიალე, ის კი განაგრძობდა უწმაწური სიტყვების ძახილს ჩემი მისამართით. მე გავაგრძელე ჩემი სიტყვა მიკროფონთან, იმ სიტყვიდან, საიდანაც შემაწყვეტინეს. თუმცა მესმოდა, აკაკი ბობოხიძის უწმაწური სიტყვები. დარბაზში იყო სრული ბაკქანალია. ზეიმობდა სრული „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები. გოგორიშვილი კიოდა – „რა ქნას მამრაძემ, კრემლიდან დაურეკეს და, აბა, რა ქნას!“ ეს ის გოგორიშვილია, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ მე კრემლიდან არასდროს დავალება არ მიმიღია. იმ დღესვე ჩვენს ფრაქციაში იყო იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც მითხრა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც პარლამენტის დეპუტატის მიმართ დანაშაული საჯაროდ ფიქსირდება, პროკურატურა ვალდებულია იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმე აღძრას. თუმცა, ეს პროკურატურას დღემდე არ გაუკეთებია. გარდა ამისა, რადგან აკაკი ბობოხიძემ დანაშაული საჯაროდ ჩაიდინა, გამოძიებას იგი შეეძლო იმავე დღეს დაეკითხა, რადგან მას ამ დროს პარლამენტის იმუნიტეტიც კი არ იცავდა. მაგრამ ეს წინა ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.