რევაზ სოხაძე: ზუგდიდის ახალი სპორტკომპლექსი მთელი რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება

„ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც მთელი რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება. რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

სპორტული ობიექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. კომპლექსში განთავსებულია დიდი  და პატარა  საცურაო აუზები, ტრენაჟორების და ძალოსნობის დარბაზები. შენობა სრულად არის აღჭურვილი  ცურვის, წყალბურთის, ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებულია მასშტაბური პროგრამა, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წლების განმავლობაში, 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„სულ მალე პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო სტანდარტების 40-მდე საფეხბურთო და სარაგბო მოედანი, ასევე სავარჯიშო კომპლექსები. გაჯეტების ეპოქაში ათიათასობით ბავშვს ექნება საშუალება, ივარჯიშოს თანამედროვე სპორტულ ბაზებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ინვესტიცია უახლოეს მომავალში რეალურ შედეგს მოიტანს და კიდევ ბევრი ხვიჩა კვარაცხელია ეყოლება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა სოხაძემ.

მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მულტიფუნქციური ცენტრების დაპროექტება ქვეყნის  ქალაქებსა და დაბებში. მომავალი წლიდან კი დაგეგმილია ამ პროექტების პრაქტიკული განხორციელება.

სოხაძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფონზე სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების დაცვას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად შრომობს ერთი დიდი მიზნისთვის – ჩვენი შვილების, მომავალი თაობის უკეთესი ცხოვრებისთვის. რასაც არ უნდა ვაშენებდეთ დღეს, ეს ყველაფერი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები