საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ამიტომ იმსახურებს, რაც შეიძლება მალე სავიზო რეჟიმის გაუქმებას
საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ამიტომ იმსახურებს, რაც შეიძლება მალე სავიზო რეჟიმის გაუქმებას და მისი საკითხი არ უნდა იყოს განხილული ევროკავშირის მიერ თურქეთთან, უკრაინასა და კოსოვოსთან ერთად,- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დებატების დროს განაცხადეს.
როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადების რბილი პროცესი. “საქართველო მკაფიოდ გამოხატავს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს არის ხედვა, რომელსაც იზიარებენ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები”, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემაზე დებატების დროს. გიორგი მარგველაშვილმა დაარწმუნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრები, რომ მისი ქვეყანა ახორციელებს თავისუფალი სავაჭრო და ასოცირების შეთანხმებებთან დაკავშირებულ რეფორმებს.
ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებაზე, და მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს, აღმოფხვრან ამ დრომდე არსბეული შერჩევითი სამართლის, პოლიტიკოსების დაპატიმრებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებმა ასევე აღიარეს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. მათი თქმით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ უნდა გახდეს თურქეთთან, უკრაინასა და კოსოვოსთან მოლაპარაკებების მძევალი. გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მზადების შესახებ და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაგზავნოს არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ევროპარლამენტის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო შეძლებს, ძალადობის გარეშე მშვიდი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფას და შესთავაზეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს“აგრესიის საწინააღმდეგო აქტის” ხელმოწერა.