რამაზ საყვარელიძე: პასუხისმგებლობის აღება თამამი ნაბიჯია იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც შეუძლია, პილტესავით ხელები დაიბანოს
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს დადებით კონტექსტში აფასებს, თუმცა კრიტიკული მოსაზრებები აქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეხედულებების იმ ნაწილში, სადაც იგი ხელისუფლებაში მყოფი გუნდის საქმიანობისადმი ხაზგასმულ კმაყოფილებას გამოხატავს.
როგორც „კვირასთან“ საუბარში რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკას თუ დავაკვირდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს უწყობს, რომ ეს ცვლილებები მოხდეს, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრების საჯარო კრიტიკას ყოველთვის ერიდება.
„საკუთარი გუნდის საქმიანობით ხაზგასმული კმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის სტილია, თუმცა, საკადრო პოლიტიკას თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ იგი ხელს უწყობს, ეს ცვლილებები მოხდეს. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ცვლილებები საჭიროა. საკადრო პოლიტიკის ცვლილების საჭიროება კი, მაშინ ჩნდება, როცა ხელისუფლებაში მყოფი გუნდი პრობლემებს და დაკისრებულ ამოცანებს თავს ვერ ართმევს. მან დღეს კრიტიკული აქცენტები იმ საკითხებზე გააკეთა, რომლის გადაჭრაც პირადად ვერ მოახერხა, მაგრამ სახელისუფლებო პარტიას სიტყვითაც არ გაკარებია. ვფიქრობ, ეს შეიძლება განპირობებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი საჯარო განკითხვა მმართველ გუნდზე დამთრგუნველად მოქმედებს. შესაძლოა, ასეთი მიგომის უკან სულ სხვა მოსაზრებები დგას და არა პოლიტიკა“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
რამაზ საყვარელიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თამამ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტიც, რომ იგი გრძნობს პასუხისმგებლობას იმ გუნდზე, რომელიც ხელისუფლებაში თავად მოიყვანა.
„ხელისუფლება ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხათრით მოიყვანა და ამ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის აღება თამამი ნაბიჯია იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც შეუძლია, პილტესავით ხელები დაიბანოს და პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ ის გრძნობს პასუხისმგებლობას და ამის გამო, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას აგრძელებს. ჩემი ხათრით, თქვენ რომ ადამიანი სტუმრად მიიღოთ, შემდეგ ამ ადამიანმა სუფრაზე ჩხუბი აგიტეხოთ, მე შევეცდები, ეს პრობლემა თავიდან აგაცილოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. ამის ანალოგია ის, რომ ქართულ პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილმა მოუყვანა ადამიანები, რომლებზეც პასუხისმგებლობას იმის მიუხედავად გრძნობს, რომ თავად თამადა აღარ არის“, -აღნიშნა საყვარელიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და პოზიცია გამოხატა.