დაპირისპირება პარლამენტში – დავით ბერძენიშვილმა გიორგი ახვლედიანს „გარეთ დალაპარაკება“ ურჩია
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი დაუპირისპირდნენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ცვლილებების იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომელიც საარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას ეხება.
ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი ცვლილებებით, უფასო სარეკლამო დრო ყველა იმ კვალიფიციურ სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, თუკი სადღეისოდ უფასო სარეკლამო დრო 5 კვალიფიციურ სუბიექტზე ნაწილდება, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 11 პარტიაზე გადანაწილდება.
სწორედ ამას აპროტესტებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებმაც ვახტანგ ხმალაძე მათთვის განკუთვნილი სარეკლამო დროის წართმევაში დაადანაშაულეს.
როგორც გიორგი ახვლედიანმა საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, შეიძლება შემუშავდეს სარეკლამო დროის ახალი მექანიზმი, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება ამოქმედდეს.
ცხარე კამათი სწორედ ამ საკითხს მოყვა. დავით ბერძენიშვილმა გიორგი ახვლედიანს სთხოვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მას „გარეთ დაელაპარაკებოდა“, ამის შემდეგ კამათი ბერძენიშვილსა და ახვლედიანს შორის პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა.