ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას მხარს უჭერს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან სოციალ – დემოკრატების ალიანსიდან – კნუტ ფლეკენშტაინთან, ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან, ტომ ბოიმერთან, მარია მუნიზთან საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.
,,გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისიდან ოფიცილურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებელობას წარმოადგენს”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, სოციალ – დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად. მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.