ბიძინა ივანიშვილი დავით ბერძენიშვილზე: პრეზიდენტს დათვურ სამსახურს უწევს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტთან ურთიერთობაში დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელემედიასთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის, მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობებს ეხებოდა.
„გიორგი კვირიკაშვილმა უფრო დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია. ადრე ტელევიზიები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას მაბრალებდნენ, როდესაც პრეზიდენტის კრიტიკას ვახერხებდი. ჩემი აზრით, მხოლოდ სწორი კრიტიკით, შეცდომებზე მინიშნებით შეიძლება გამოასწორო ადამიანიც და ინსტიტუტიც. მე ამას გულწრფელად ვაკეთებდი. თუ შეცდომები არ აჩვენე, ის ვერ გასწორდება. რასაც დავით ბერძენიშვილი ტრაბახობს, რომ პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი არასდროს გაუკრიტიკებია და ამით ამაგრებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, პირიქით, დათვურ სამსახურს უწევს.
თუ გულწრფელად გინდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი იყოს, არგუმენტირებული კრიტიკა უნდა ახლდეს მას და დღესაც ნებისმიერი სიტყვა შემიძლია გავიმეორო იმ კრიტიკიდან, რაც მე გამოვხატე, აბსოლუტურად ყველაფერი არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო. იქიდან დასაბუთებული პასუხი დღემდე არ მომისმენია, რომ პრეზიდენტს ან მის პრესსამსახურს არგუმენტირებულად ეპაუხა. გიორგი კვირიკაშვილმა რომ ნახა, თავად პრეზიდენტს და მის მეხოტბეებს, ვისაც ჰგონიათ, რომ პრეზიდენტს ამაგრებენ, არაფრად მიაჩნია და პატივს არ სცემს ამ ინსტიტუტს საკუთარი ქცევით, პირველ რიგში, მან კრიტიკა შეაჩერა და წაჰყვა. კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტად უყვარს საქართველო. თუმცა, მე და კვირიკაშვილი თანხმობაში არ ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მან გააკეთა ისე, როგორც თავად უნდოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები