ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი
10-15 წელიწადში შეიძლება ჩავდგეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგში, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრის კონტექსტში განაცხადა.
„მოთმინება უნდა ვიქონიოთ. მე არ ვითხოვ იმას, რომ მთავრობას დაველოდოთ და ვაპატიოთ. არაფერი უნდა ვაპატიოთ. თუ შეცდომები აქვს, ოღონდ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ“, – დასძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან რთულია, დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო ადამიანს, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს.
„ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. წინა ხელისუფლებას რომ მოეგო არჩევნები, დღეს ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს – ამაზე შემიძლია, რამდენიც გინდათ ვესაუბრო სპეციალისტებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს და მთავრობა, რომელსაც უნიათოს ეძახიან, ეფექტიანობით და გამჭვირვალობით იტალიას, ესპანეთს, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას და ევროპის სხვა ქვეყნებს უსწრებს.
„გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა. მაგრამ 3-4 წელიწადში ვერ გააკეთებ 15 წლის გასაკეთებელს. რაც მთავარია, გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.