“გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როცა “იმედის“ ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ”
ვერავინ ვერცერთ საბუთს ვერ მოიტანს დღეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს, ან ამის მცდელობა გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაშინ სასამართლო სისტემა არ არსებობდა.
„სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ჩვენ სასამართლოს მივეცით თვითგადარჩენისა და თვითაღდგენის საშუალება, ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით, პირდაპირ აჩვენებდით, ვისთვის რა უნდა ექნათ. ყოფილი ხელისუფლების დროს სასამართლო არ არსებობდა, დღეს სასამართლომ დაიწყო თვითაღდგენა, თვითგამორკვევა. დამონებულები გყავდათ მოსამართლეები, გატენილი გქონდათ ციხეები, ართმევდით, ვისაც გინდოდათ, კლავდით და აწამებდით, ვისაც გინდოდათ. ამას „აპრავებდა“ “რუსთავი 2“-იც და სხვა ყველა ტელევიზიაც თავიდან ბოლომდე. დღეს სასამართლოთი გელაპარაკებიან და არა იმ მუშტი – კრივით. რასაც ის გუნდი აკეთებდა, დღეს ეს დასრულდა. 9 წლის განმავლობაში შავს თეთრად აჩვენებდით და ახლა გინდათ, თეთრი შავად აჩვენოთ, კანონი სად იყო, ხალხს მათრახით უსწორდებოდით, კეთილი ინებეთ და სასამართლოს დაელოდეთ. ერთადერთი ინსტანცია ესაა, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა გვარამია. გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როცა “იმედის“ ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ და ტელევიზია წაიღეს, დღეს კი გამოდის და თავისუფალი მედიის სიმბოლოდ ქცეულ “რუსთავი 2“-ს იცავს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.