ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს ჰყოფნიდა თავხედობა და დავით აღმაშენებელს ედრებოდა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან, „ტექნოპარკში“ მიმდინარე შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს ჰყოფნიდა „თავხედობა“ და დავით აღმაშენებელს ედრებოდა.
ყოფილი პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ.
„დავით აღმაშენებელს ედრებოდა – წარმოგიდგენიათ, როგორი თავხედობაა, ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრებაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას, მაგრამ სხვას თუ ვერაფერს ეძებდა, თუ როგორ გაებრუებინა საზოგადოება, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან. მეორე მხრივ, ციხეები გავსებული იყო საზოგადოების იმ ნაწილით, ვინც არ ემორჩილებოდა, სცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, დაეჭირათ ხელისუფლება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაციონალებს“ ეშინოდათ, მსგავსი არაფერი მომხდარიყო და „ქართულ ოცნებას“ იგივე მეთოდები არ გამოეყენებინა.
„პირველი თვეები დაიძაბნენ, ეშინოდათ, მსგავსი არაფერი მომხდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში, აღმიწერეს, – წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ახლა ჩვენ აღარ გვიშვებენო. ახლა რომ ნახეს და გააცნობიერეს, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ. მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს და ის, რა საოცრებაც მოხდა ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში, ვერცერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, რომ „ნაცების“ დროს იყო უკეთესობა. ისე აღწერენ სიტუაციას, თითქოს დრამატულია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ, თუმცა რეალობა არ უნდა დავკარგოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, თუ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ შეიმეცნებს, არსებობს რეალური ხიფათი, რომ ყველაფერი უკან შემობრუნდეს.