ბიძინა ივანიშვილი კორცხელზე: „ნაციონალების“ დადგმული პროვოკაცია არაფრით ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას
ყოფილ პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„კადრები ვნახე და ისიც კარგად შევამჩნიე, გიგა ბოკერია, როდესაც ფეხზე წამოდგა, როგორ მოსწონდა, რომ შედეგი მიიღო, იქვე ეტყობოდა, მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ და არაფრით ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მისივე შეფასებით, კორცხელის ინციდენტი იყო სირცხვილი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში, არანაირ პროვოკაციას არ წამოეგოს.
„იმის მიუხედავად, რომ მე პირადად და საზოგადოების ნაწილი დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროვოკაცია კარგად დადგმული და ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არაფრით ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას და არ ამართლებს იმას, რაც იქ მოხდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ არც ერთ შემთხვეევაში, პროვოკაციას არ წამოვეგოთ. ის, რაზეც გავაკეთე აქცენტი, შესაძლებელი იყო ესეც არ გამეხსენებინა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.