გიორგი მარგველაშვილი: გვაქვს ერთიანობა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით

„ის ფაქტი, რომ მე აქ, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ვარ, მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს ერთიანობა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“. „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, შენარჩუნდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
”ჩვენ ბევრი გვაქვს საკამათო საქართველოს საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ ერთიანნი ვართ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება საარჩევნო რეფორმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო.
”მე შევძელი ყველა ოპოზიციური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემეკრიბა. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სისტემა არ შეცვლილა, თუმცა, ჩვენი საარჩევნო სისტემა დემოკრატიულია და ცვლილებები მოხდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები