რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაათავისუფლა

რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში განიხილება.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, გათავისუფლებულები უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. აბაშიძემ მათი გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, -განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე პრაღის შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დარჩა და ეს რიცხვი გათავისუფლებულების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები