„მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს როგორც წვრილ მიწათმფლობელთა, ისე მსხვილი კოოპერატივების მხარდაჭერას“
4 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ საზეიმო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებით დასრულდა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისა და აღდგენის 120-ზე მეტი პროექტი. 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისა დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მალე 2-მილიარდიან ბაზარზე ექნება თავისუფალი წვდომა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს როგორც წვრილ მიწათმფლობელთა, ისე მსხვილი კოოპერატივების მხარდაჭერას.
„სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, სახელმწიფომ დახმარება 800 000-ზე მეტი წვრილ ფერმერს გაუწია. ჩვენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასაც ვუწყობთ ხელს. 2014 წლის შემდეგ თითქმის 1400 კოოპერატივი დაარსდა. მათი წევრების რაოდენობა 12000-ს აღემატება. ჩვენ წამოვიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და თანადაფინანსების სხვა მექანიზმები, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოების დაარსებას და, ამგვარად, სოფლის მეურნეობის სექტორის გეოგრაფიულ დივერსიფიცირებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტის წყალობით დაარსდა 148 ახალი საწარმო და გაფართოვდა თითქმის 700 მათგანი, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო 28 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებაში. სანერგე მეურნეობებისა და ბაღების თანადაფინანსებაზე ორიენტირებული მრავალი ახალი პროექტი, მათ შორის, „დანერგე მომავალი“ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის ზრდას. ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა მოწინავე კვლევითი და ინოვაციური ტექნიკის სამეურნეო პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება. სულ ახლახან, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ევროკავშირის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაარსდა მსოფლიო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია. ესაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარებისჯენ მიმართულ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა აქ დამსწრეთა დიდი ნაწილის მხარდაჭერისა და თავდადების გარეშე”,- განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, სამი დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა CNFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯონ კოსტელო, რომელიც ამჟამად CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს – დავით კირვალიძესა და შალვა ფიფიას.
პრემიერ-მინისტრის გარდა, კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი, CNFA-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სილვან როი, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, სოფლის მეორნეობის ყოფილი მინისტრი შალვა ფიფია და CNFA-ს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჯონ კოსტელო.