მანანა კობახიძე: ჩვენ დადებით შეფასებებს ვიღებთ ევროპარლამენტისგან

უკავშირდება თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის შესაძლო გაჭიანურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის კორცხელის ინციდენტს, ჟურნალისტებთან საუბარში განმარტება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
„შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ან მედიასაშულებამ, თითქოს ეს უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის კორცხელის ინციდენტს. ეს ყველაფერი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ დისკუსიასთან, რაც ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, ქართულმა მხარემ, საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამოცანა შესრულებულიყო.
„ჩვენ დადებით შეფასებებს ვიღებთ ევროპარლამენტისგან. ცალკეული პრობლემები, რომელიც ჩვენი თანამემამულეების თუ აქედან წასული ყოფილი თანამემამულეების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს ეხება, ძალიან სამწუხაროა. დანაშაულს და კრიმინალს არ აქვს არც მოქალაქეობა და არც ეროვნება, ყველა ქვეყნის მოქალაქე სჩადის დანაშაულს და არ მგონია, რომ განსაკუთრებული მაჩვენებელი ჰქონდეთ ამ მხრივ საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვაქვს გამართული მექანიზმი როგორც ექსტრადირების, ასევე დეპორტაციის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიასთან, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან დანაშაულთან ბრძოლაში. თუ ამ მხრივ რაიმე კითხვის ნიშნებია, მე ვფიქრობ, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ საქართველო და მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე შესაძლოა, დამნაშავე იყოს. თუმცა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ასეც ხდება“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები