ზაალ კასრელიშვილი: აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიში რუსეთის ბრალდებებს ტერორიზმზე აბათილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე“ ზაალ კასრელიშვილი “კვირასთან“ აფასებს.
კასრელიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, ისე წარმოაჩენს, რაც ტურიზმის გაზრდასა და ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ანგარიში წარმოადგენს მკაფიო პასუხს, რუსეთის ხელმძვანელობის ბრალდებებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისს წვრთნებისთვის იყენებდნენ.
„როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმენტი აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება. ეს განცხადება თავისთავად გულისხმობს იმასაც, რომ საქართველოში ტერორისტული საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული. მსგავს შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მსხვილი ინვესტიციებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარების, ასევე საბანკო და საფინანსო სისტემის გააქტიურებისათვის. ჩვენი კონფედერაცია წლებია იმისთვის იბრძვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველო არ არის საფრთხია შემცველი ქვეყანა. მას დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში და ქვეყნის შიგნითაც არსებულ გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება. ამასთან, ჩვენ გვესმოდა განცხადებები რუსეთის მხრიდან, რომ თითქოსდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებდნენ, სახელმწიფო დეპარტმანტის ანგარიში კი ყველაზე უკეთ აბათილებს ამ ბრალდებებს. ეს არის რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებებზე მკაფიო პასუხი“,- აღნიშნა კასრელიშვილმა.
საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამის შესახებ საუბარია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ამ მხრივ საქართველოს მიერ 2015 წელს გადადგმულ ნაბიჯებს ეხება. „საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში. საქართველოში გასული წლის ივნისში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის პანკისის მკვიდრნი – აიუბ ბორჩაშვილი და დავით ბორჩაშვილი. საქართველო განაგრძობს საზღვრების გაძლიერებას და ტერორისტების დაფინანსების წყაროების აღმოფხვრას“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სირიასა და ერაყში პანკისის ხეობიდან და აჭარიდან ჩასული რამდენიმე პირი ტერორისტების მხარეს იბრძვის. 2015 წლის ნოემბერში ინტერნეტში ვიდეო გვრცელდა, სადაც სირიაში მებრძოლი ქართველი მუსულმანები საქართველოში „ურწმუნოებზე“ შეტევების განხორციელებით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები