მთავარი პროკურატურა კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციითვე, მთავარი პროკურატურა საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.
„ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. კონკრეტულად 6 პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად. სავარაუდოდ, დღეს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ჩვენი პოზიცია არის, რომ ხსენებულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხულიგნობას“,- განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს:
გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები