უშიშროების საბჭომ შსს-ს და სუს-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა დაავალა
უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს შს მინისტრსა და სუს-ს დაევალა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართონ და გაიარონ საკითხები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან უსაფრთხოებას შეეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს. მისივე ინფორმაციით, სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს შს მინისტრმა და სუს-ის ხელმძღვანელმა. „ეროვნული უშიშროების საბჭომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გაიარონ ყველა ის საკითხი, რითაც შეიძლება მოხდეს მომავალში პრევენცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მინისტრები მომდევნო სხდომაზე წარდგებიან მოხსენებით, რა შეიძლება კიდევ დამატებით გაკეთდეს ამ მიმართულებით.