მოსამართლე ლილი მსხილაძემ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე აიცილა

„2005 წლის შემდეგი პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახის მიმართ რეპრესიის წლები იყო“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე მოსამართლე ლილი მსხილაძემ და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე აიცილა. ვიდრე მოსამართლე პროცესზე ზემოთ აღნიშნულ განცხადებას აღნიშნავდა, შუამდგომლობით მოსამართლეს თავად ბრალდებულმა გია დგებუაძემ, მეტსახელად ”მასტერამ” მიმართა. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა ბრალდებულის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ დააკმაყოფილა. აცილების შუამდგომლობა დაცვის მხარემ ორჯერ დააყენა. პირველ შემთხვევაში მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები, მისი აცილების შესახებ არ გაიზიარა, თუმცა გია დგებუაძის არგუმენტი მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. დგებუაძემ მოსამართლეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდი გაახსენა. როგორც ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ირაკლი გრძელიძემ განუცხადა, პროცესზე გია დგებუაძემ 2005 წელი გაიხსენა, როდესაც ის კუდ-ის ანტიკორუფციულ სამმართველოში მუშაობდა და საჯარო მოხელეების, მათ შორის მოსამართლეების კორუფციასთან შემხებლობის საკითხებს იკვლევდა. ადვოკატის თქმით, მაშინ ერთ-ერთი საქმე მოსამართლე ლილი მსხილაძესაც ეხებოდა. ”ვერანაირი კვალი თქვენს საქმიანობაში, რომელიც უკანონობასთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ. რატომღაც ეს ჩაითვალა არა თქვენს დამსახურებად, არამედ ჩემს უნიათობად და თქვენ მაინც გაგათავისუფლეს სამსახურიდან. თქვენს ცნობიერებაში მე უნდა ვიყო ასოცირებული იმ 10 წელიწადთან, რომელიც თქვენ დაკარგეთ, შესაძლოა, უსამართლოდაც”, – მიმართა აცილების შუამდგომლობის დაყენებისას გია დგებუაძემ მოსამართლე ლილი მსხილაძეს. ამის შემდეგ მოსამართლე ლილი მსხილაძემ განაცხადა, რომ 2005 წლის შემდეგ პერიოდი იყო რეპრესიის წლები მისთვის და მისი ოჯახის მიმართ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ აღნიშნული საქმე წარმოებიდან აიცილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები