პესკოვის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი რუსოფობიურ პოლიტიკას აგრძელებენ
ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი აბსურდულ რუსოფობიურ პოლიტიკას აგრძელებენ, თუმცა ევროპაში სერიოზული წინააღმდეგობები მწიფდება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ქვეყნები აგრძელებენ თავიანთ აბსურდულ პოლიტიკას, რომელიც სავსეა რუსოფობიით. უფრო მეტიც, ისინი ამ პოლიტიკას ევროპაში, ევროპულ საქმეებში საკუთარ კოლეგებზეც კი ავრცელებენ. ეს მიუთითებს, რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ევროკავშირში აშკარად მწიფდება ძალიან ძლიერი და სერიოზული წინააღმდეგობები“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს
მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა აკრძალეს სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ფრენები მოსკოვში, რადგან ისინი აპირებდნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილე აღენიშნათ.
მანამდე, ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის ამჟამინდელი წევრების ლიდერები გააფრთხილა, არ აღენიშნათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე.